ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ფინანსური ანგარიშგების მომზადება და აუდიტორული მომსახურება მხოლოდ პროფესიული სტანდარტების დაცვას არ გულისხმობს. პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.
თუმცა პრაქტიკაში ხშირად ჩნდება კითხვები: ყველა ბუღალტერი არის ანგარიშვალდებული პირი? ვრცელდება თუ არა მოთხოვნები დამოუკიდებლად მომუშავე პროფესიონალზე? თუ აუდიტორულ ფირმაში ვარ დასაქმებული, პირადადაც მეკისრება იგივე ვალდებულებები?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, ვინ მიიჩნევა ანგარიშვალდებულ პირად და რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფორმას.
1. ვინ არის ანგარიშვალდებული პირი?
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბუღალტრო და აუდიტორულ სექტორში ანგარიშვალდებულ პირებს განეკუთვნებიან:
სერტიფიცირებული ბუღალტერი — როდესაც იგი დამოუკიდებლად ახორციელებს შესაბამის პროფესიულ მომსახურებას;
პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი — რომელიც დამოუკიდებლად უწევს მომსახურების დამკვეთს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას;
საბუღალტრო ფირმა — რომელიც კლიენტებს უწევს შესაბამის საბუღალტრო მომსახურებას;
აუდიტორი — რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას;
აუდიტორული (აუდიტური) ფირმა — რომელიც კლიენტებს უწევს აუდიტორულ მომსახურებას.
ფიზიკური პირის შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლად პროფესიული მომსახურების განხორციელებას.
მაგალითად, სერტიფიცირებული ბუღალტრის კვალიფიკაციის ფლობა და მესამე პირებისთვის დამოუკიდებლად საბუღალტრო მომსახურების გაწევა ერთმანეთისგან განსხვავებული გარემოებებია. ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა შეფასდეს პირის სტატუსის, საქმიანობის შინაარსისა და მომსახურების განხორციელების ფორმის გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ცალკეულ გამონაკლისებს კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემისა და კანონით განსაზღვრული წარმომადგენლობის შემთხვევებში. აღნიშნული გამონაკლისები არ ნიშნავს, რომ იმავე პირის სხვა პროფესიული მომსახურება ავტომატურად თავისუფლდება AML/CFT მოთხოვნებისგან.
საბუღალტრო პროფესიის AML/CFT რისკების შეფასების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 2019 წლის სახელმძღვანელო Guidance for a Risk-Based Approach for the Accounting Profession. სახელმძღვანელო მიუთითებს, რომ ბუღალტრული პროფესია მოიცავს მომსახურებების ფართო სპექტრს, მათ შორის ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო შესაბამისობასა და კონსულტაციას, კომპანიებისა და სხვა სამართლებრივი სტრუქტურების მომსახურებას, გარიგებების სტრუქტურირებასა და კლიენტის აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამასთან, სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა და კლიენტთან ურთიერთობას განსხვავებული რისკის პროფილი ახასიათებს, რაც შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებისა და ზედამხედველობის განსაზღვრისას უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ამავე მიმართულებით, FATF-ის რეკომენდაცია 22 ითვალისწინებს მომხმარებლის სათანადო შემოწმებისა და ჩანაწერების შენახვის მოთხოვნების გავრცელებას ბუღალტრებზე კანონით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას. აღნიშნული საქმიანობები მოიცავს, მათ შორის, კლიენტის ფულისა და სხვა აქტივების მართვას, საბანკო და სხვა ანგარიშების მართვას, კომპანიების შექმნისა და მართვისთვის შენატანების ორგანიზებას, იურიდიული პირებისა და სამართლებრივი წარმონაქმნების შექმნას, ოპერირებას ან მართვას და სამეწარმეო სუბიექტების ყიდვა-გაყიდვას. FATF-ის რეკომენდაცია 28 კი ითვალისწინებს არასაფინანსო საქმიანობებისა და პროფესიების AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგსა და რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობას.
2. რა განსხვავებაა დამოუკიდებელ პროფესიონალსა და ფირმაში დასაქმებულ პირს შორის?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
თუ დამოუკიდებლად მუშაობთ
დავუშვათ, ინდივიდუალურად უწევთ რამდენიმე კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მომსახურებას.
თუ თქვენი საქმიანობა კანონით განსაზღვრულ ანგარიშვალდებული პირის კატეგორიას მიეკუთვნება, შესაბამისი AML/CFT მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ თქვენ გეკისრებათ.
ეს ნიშნავს, რომ უნდა გქონდეთ თქვენი საქმიანობის ხასიათსა და რისკებთან შესაბამისი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების შესწავლას, რისკების შეფასებას, ინფორმაციის აღრიცხვას და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.
კლიენტების მცირე რაოდენობა თავისთავად არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გათავისუფლების საფუძველს.
თუ საბუღალტრო ან აუდიტორულ ფირმაში მუშაობთ
სხვა შემთხვევაა, როდესაც პროფესიონალი საქმიანობს ანგარიშვალდებული ფირმის სახელით.
საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ შესაბამისი ფიზიკური პირი იმავე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, AML/CFT მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე.
ამ შემთხვევაში შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფირმის დონეზე უნდა იყოს ორგანიზებული.
ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები თავისუფლდებიან შიდა პროცედურების შესრულებისგან. მათ შეიძლება ეკისრებოდეთ კონკრეტული ფუნქციები კლიენტის შემოწმების, რისკის შეფასების, მონიტორინგისა და ინფორმაციის გადაცემის პროცესში.
გასათვალისწინებელია: თუ პირი ფირმაში მუშაობასთან ერთად დამოუკიდებლადაც უწევს კლიენტებს პროფესიულ მომსახურებას, მისი დამოუკიდებელი საქმიანობის მიმართ ანგარიშვალდებულების საკითხი ცალკე უნდა შეფასდეს.
3. მხოლოდ საკუთარი კომპანიის ბუღალტერი ვარ — მეხება AML/CFT?
განვიხილოთ გავრცელებული შემთხვევა.
ბუღალტერი მუშაობს სავაჭრო კომპანიაში და აღრიცხავს მხოლოდ ამ კომპანიის ფინანსურ ოპერაციებს. იგი დამოუკიდებლად არ უწევს სხვა პირებს საბუღალტრო მომსახურებას.
მხოლოდ ასეთი შიდა ბუღალტრული ფუნქციის შესრულება მას ავტომატურად არ აქცევს საქართველოს კანონით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ განსაზღვრულ დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულ პირად.
თუმცა მდგომარეობა იცვლება, თუ იგივე პროფესიონალი დამოუკიდებლად იწყებს სხვა კომპანიებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას.
ამიტომ გადამწყვეტი არ არის მხოლოდ პროფესიის დასახელება — მნიშვნელოვანია, რა მომსახურებას ასრულებთ, ვისთვის და ვისი სახელით.
ამასთან, AML/CFT ანგარიშვალდებული პირის სტატუსის არქონა არ გამორიცხავს სხვა სამართლებრივი მოთხოვნების, მათ შორის შესაბამისი სანქციების შესრულების ვალდებულებას.
4. რას ნიშნავს ანგარიშვალდებული პირის სტატუსი პრაქტიკაში?
ანგარიშვალდებული პირის სტატუსი მხოლოდ სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას არ გულისხმობს.
კანონმდებლობა მოითხოვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პრევენციისთვის რეალურად მოქმედი პროცესების დანერგვას.
AML/CFT მოთხოვნების ძირითადი მიმართულებები
კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
ანგარიშვალდებულმა პირმა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უნდა მოიპოვოს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს მათი სისწორე სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა
როდესაც კლიენტი იურიდიული პირია, საჭიროა მისი მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა, ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა და კანონით გათვალისწინებული ზომების განხორციელება მისი ვინაობის გადასამოწმებლად.
რისკების შეფასება და მართვა
უნდა შეფასდეს როგორც თავად ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან, ისე კონკრეტულ კლიენტებთან დაკავშირებული ML/TF რისკები. შეფასება უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის რისკფაქტორებს და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს.
საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი
კლიენტის მიღებით პრევენციული ღონისძიებები არ სრულდება. აუცილებელია საქმიანი ურთიერთობის სათანადო მონიტორინგი, ინფორმაციის განახლება და გამოვლენილ გარემოებებზე შესაბამისი რეაგირება.
შესაბამისობის კონტროლის სისტემა
უნდა არსებობდეს საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და რისკების შესაბამისი შიდა ინსტრუქცია, პასუხისმგებლობების განაწილება და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები.
ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა
მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა აღირიცხებოდეს და ინახებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, რათა შესაძლებელი იყოს განხორციელებული ღონისძიებების დადასტურება.
ანგარიშგება
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს კანონით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ გათვალისწინებული ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენა. მათ განსხვავებული დანიშნულება, საფუძვლები და წესები აქვთ.
ამ მიმართულებებს მომდევნო სტატიებში დეტალურად განვიხილავთ.
5. ერთი და იგივე სისტემა სჭირდება ფიზიკურ პირსა და დიდ ფირმას?
საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 29-ე მუხლი ადგენს შესაბამისობის კონტროლის სისტემის პროპორციულობის პრინციპს: სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათს, მოცულობასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
ეს ნიშნავს, რომ ერთი დამოუკიდებელი ბუღალტრისა და მრავალთანამშრომლიანი აუდიტორული ფირმის შიდა ორგანიზაციული პროცესები შეიძლება განსხვავდებოდეს.
მაგალითად, ფირმაში შესაძლოა საჭირო იყოს პასუხისმგებლობების განაწილება სხვადასხვა თანამშრომელს შორის, ინფორმაციის გაცვლისა და კონტროლის მექანიზმების გამართვა და შიდა გადაწყვეტილებების შესაბამისი დოკუმენტირება.
დამოუკიდებლად მომუშავე პროფესიონალისთვის პროცესი შეიძლება ორგანიზაციულად უფრო მარტივი იყოს.
მაგრამ სიმარტივე არ ნიშნავს სავალდებულო ღონისძიებების გამოტოვებას.
ორივე შემთხვევაში აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება, შესაბამისი პროპორციულობისა და რისკზე დამყარებული მიდგომის დაცვით.
დასკვნა
AML/CFT მოთხოვნების შესრულების პირველი ნაბიჯი არა რთული დოკუმენტაციის შექმნა, არამედ საკუთარი ვალდებულებების სწორად განსაზღვრაა.
უნდა იცოდეთ, ხართ თუ არა ანგარიშვალდებული პირი, ვისი სახელით ახორციელებთ პროფესიულ საქმიანობას და რა ღონისძიებებია საჭირო თქვენი საქმიანობის ხასიათისა და რისკების გათვალისწინებით.
შემდეგი ნაბიჯია ამ მოთხოვნების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გადატანა.
შემდეგ სტატიაში: „რა უნდა ჰქონდეს გამართულ AML/CFT სისტემას — პრაქტიკული ჩეკლისტი ბუღალტრებისა და აუდიტორებისთვის“.
სამართლებრივი და პროფესიული წყაროები
საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ — მუხლები 3, 4, 8, 10, 25 და 29.
მასალა მომზადებულია საგანმანათლებლო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ განმარტებას ან ინდივიდუალურ სამართლებრივ დასკვნას. კონკრეტული ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოთ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით.
